დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტების წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის საკითხს.
ამ პრობლემის რეალიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს მეთევზეობას, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია.
თევზი დიეტური საკვებია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ყოველი 100გ თევზის ცილიდან ადამიანი ითვისებს 40 გ-ს, იგივე რაოდენობის ღორის ცილიდან -20 გ -ს, ხოლო ძროხისა-15 გ-ს. ცხოველური ცილის საერთო რაოდენობის 7% თევზის ცილაზე მოდის.
თევზი იძლევა არა მარტო ცილასა და ცხიმს, არამედ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. ვიტამინი A გამოიყენება არა მარტო როგორც სამკურნალო საშუალება, არამედ ვეტერინარიაში, როგორც პირუტყვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
თევზის ფქვილი მეცხოველეობაში გამოიყენება როგორც კომბინირებული ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, იგი შეიცავს 67% ცილას.
თევზის ფქვილის 85-90%-ს ითვისებს პირუტყვისა და ფრინველის ორგანიზმი. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ულუფაში 3-5% თევზის ფქვილის არსებობა თითქმის აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცხოველურ ცილაზე. თევზი თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით არ ჩამოუვარდება სასოფლო-საქმეურნეო ცხოველთა ხორცს.
მეთევზეობის დარგი კრებითი ცნებაა და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა საოკეანო, საზღვაო, სატბო და სამდინარო თევზის მოპოვება; ტბორებში, ტბებსა და წყალსაცავებში თევზის წარმოება-გამოზრდა.
თევზის მრეწველობაში საწარმოო პროცესების ორი თანმიმდევრული სტადიაა, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი: 1. თევზის მოპოვება; 2. თევზის დამუშავება.
თევზჭერა (მოპოვება) ოკეანესა და ზღვაში, დიდ მდინარეებსა და ტბებში, სადაც არ მიმდინარეობს თევზის ხელოვნური აღწარმოების პროცესი, მიეკუთვნება მოპოვებითი მრეწველობის დარგს.
თევზის მრეწველობაში ბუნებრივი აღწარმოების პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს.
თევზის მოპოვების მნიშვნელოვანი თავისებურება სამუშაო ადგილის მოძრაობაშია. თევზის დამამუშავებელ მრეწველობაში პროდუქტების გამოშვება (გარდა მცურავი ბაზებისა) ძირითადად ადგილზე – საწარმოებში ხდება.
თევზის დამამუშავებელი მრეწველობა თევზის მრეწველობის მეორე დარგია. იგი მოიცავს იმ საწარმოებს, რომლებიც თევზმომპოვებელი საწარმოებიდან მიღებული თევზის ნედლეულს დაამუშავებს.
სატბორე მეთევზეობა, როგორც მეთევზეობის ერთ-ერთი ქვედარგი, სულ უფრო უკავშირდება სოფლის მეურნეობას, კარძოდ, მეცხოველეობას, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი.
ზღვასა და ოკეანეში მოპოვებული თევზის უდიდესი ნაწილი ამა თუ იმ სახის დამუშავებას განიცდის, რაც უარყოფითად მოქმედებს მის ხარისხზე. ამიტომ ადამიანთა მოთხოვნილებას უკეთ აკმაყოფილებს ცოცხალი ანუ ნედლი თევზი.
მეთევზეობის განვითარების ბუნებრივ-კლიმატური და ეკონომიკური პირობები საქართველოში
საქართველოს აქვს მეთევზეობის განვითარების საუკეთესო პირობები, რომელთა შორის აღსანიშნავია თევზის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, განშტოებული ჰიიდროლოგიური და ირიგაციული ქსელი, მრავალფეროვანი რელიეფი და კლიმატური ზონები.
საქართველო მდიდარია შიდა წყალსატევებით: მდინარეებით, წყალსაცავებით, ტბებით, ტბორებით, რომელთა ფართობი, მდინარეების გარდა, 23 ათას ჰა-ს აღემატება, ხოლო მდინარეების რიცხვი 300-ზე მეტია, რომელთა საერთო სიგრძე 8 ათასი კმ-ია.